ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

მარცხი მუდამ ალტერნატივაა! ასეა კი?

“ბაყაყი 20000 კვერცხს დებს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე აღწევს დუმფარაზე ჯდომისა და სადილად კოღოების მირთმევის ასაკს. აი, ასეთი ტიპის მარცხზე ვსაუბრობთ,” – ასე აღწერს „ნიუსვიკში“ ახლახანს გამოქვენებული სტატიის ავტორი იმ მარცხის სიხშირეს, რომელიც თან ახლავს თითზე ჩამოსათვლელ, 1 მილიარდზე მეტად შეფასებულ, ზღაპრული ტექნოლოგიური სტარტაპების გამოზრდას. წარმატების ისტორიებში სულ უფრო ხშირად გვხვდება თავი, რომელიც მარცხზე მოგვითხრობს. ეს ისტორიები მეწარმეთა ახალ თაობებს სტიმულს აძლევს, სცადონ, მარცხი განიცადონ, კვლავ სცადონ და წარმატებას მიაღწიონ.

ეკონომიკა, რამდენადაც ვიცით, რესურსების ეფექტურად გადანაწილებას გულისხმობს. რესურსები მოძრაობენ შუმპეტერის დესტრუქციული წესით, რათა, ბაზრის მადასა და განწყობასთან ფეხასაწყობად, შეიქმნას ინოვაციური პროდუქტები და მომსახურებები.  რეგულაციურ გარემოს შეუძლია, უზრუნველყოს რესურსების სწრაფი შესვლა-გამოსვლა ბაზრებზე და, ამგვარად,  გააუმჯობესოს პროცესიც. ასე რომ, თუ პროცესში საკანონმდებლო სისტემა შემაფერხებელ ფაქტორად გვევლინება, დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუტების არქიტექტორებში უნდა ვეძებოთ.

საქართველოში ბიზნესის დაფუძნებას ერთ კვირაზე ნაკლები სჭირდება, ხოლო ბიზნესიდან გამოსვლამ და რესურსების ახალი წამოწყებისთვის განთავისუფლებამ კი შეიძლება წლები წაიღოს.  რეგიონში და მის ფარგლებს მიღმაც საქართველოს წამყვანი რეფორმატორის რეპუტაცია აქვს, მიუხედავად ამისა, საერთაშორისო მაჩვენებლების მიხედვით, ის სტაბილურად უკან არის გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს თვალსაზრისით. მაგალითად, საქართველო „ბიზნესის კეთების“ გადახდისუუნარობის ინდიკატორის მიხედვით 106-ე ადგილზეა. საქართველო ჩამორჩება ნიგერიას, მონღოლეთსა და უზბეკეთს. ხშირად ნახსენებ მეთოდოლოგიაში შეტანილ ცვლილებებს არაფერი აქვს საერთო იმ ფაქტთან, რომ საქართველოში გადახდისუუნარობის კანონი ხარვეზიანია და, მიუხედავად პოლიტიკოსების არაერთი დაპირებისა, მისი გაუმჯობესების ნიშნებიც არ ჩანს.

კანონი გადახდისუუნარობაზე არეგულირებას ურთიერთობას მსესხებლებს (მეწარმეებსა და აქციონერებს) და კრედიტორებს (ბანკებსა და სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც სესხს ფულით ან აქტივების მეშვეობით გასცემენ)  შორის, როდესაც მსესხებელს ნებისმიერი მიზეზით აღარ შეუძლია ვალდებულებების შესრულება. უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ქვეყნის გამართულ გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოსა და ეკონომიკურ შედეგებს შორის დადებითი კორელაციაა. თუმცა გადახდისუუნარობის ოპტიმალური ჩარჩო კანონმდებლობა დამოკიდებულია ქვეყნის სამართლებრივ ისტორიასა და სხვა მახასიათებლებზე. ეკონომიკაში ნობელის პრემიის 2016 წლის ლაურეატი, ოლივერ ჰარტი, რომელიც აღიარებულია კონტრაქტების თეორიაში შეტანილი წვლილისთვის, ამტკიცებს, რომ, მიუხედავად უნივერსალური, ყველა ქვეყნისთვის გამოსადეგი საერთო გადახდისუუნარობის კანონების არარსებობისა, არსებობს ზოგადი პრინციპები, რომლებიც ყველა კანონმა უნდა დააკმაყოფილოს. ის გამოჰყოფს სამ მიზანს, რის მიღწევასაც უნდა ცდილობდეს კანონი.

მიზანი 1. სხვა ყველა თანაბარ პირობებში, გადახდისუუნარობის კარგი პროცედურით საწარმომ ეფექტიანი ფაქტობრივი შედეგი უნდა მიიღოს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადახდისუუნარობის პროცედურის შედეგი ეფექტიანია, თუ სიცოცხლისუნარიანი კომპანია რეორგანიზდება, არასიცოცხლიუნარიანი კი დატოვებს ბაზარს. ასევე, მნიშვნელოვანია, კრედიტის ამოღების მაჩვენებელი იყოს მაღალი, ხოლო გაკოტრების პროცედურასთან დაკავშირებული ფინანსური და დროითი ხარჯი – დაბალი. გაკოტრების მაღალი ხარჯები აფერხებს არაეფექტური ფირმების ლიკვიდაციას და გამოთავისუფლებული რესურსების ეფექტურად გამოყენებას. დასუსტებული ფირმებისთვის ბაზრიდან გასვლის შესაძლებლობის მიცემა აჯანსაღებს ეკონომიკას და სარგებელი მოაქვს მთელი საზოგადოებისთვის.

მიზანი 2. გადახდისუუნარობის კარგი პროცედურა სესხს უნდა უნარჩუნებდეს მაკავშირებლის როლს, რაც გამოიხატება  გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფი მენეჯერებისა და აქციონერების ადეკვატურად დაჯარიმებაში.

გადახდისუუნარობის რეჟიმი ფინანსური წესრიგის დამყარების მექანიზმია. გადახდისუუნარობის რბილი მექანიზმებით ინვესტორებს გაეზრდებათ რისკი, თუ საქმე ცუდად წავა. გამომდინარე აქედან, გადახდისუუნარობის რბილი რეჟიმების მქონე ქვეყნებში ინვესტიციის ჩადებას მხოლოდ მაღალრისკიანი ინვესტორები მოისურვებენ. ნაკლებრისკიანი სისტემა მეტ ინვესტორს უბიძგებდა სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას და, შესაბამისად, ეკონომიკასაც წაახალისებდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „მეთოდური და ეფექტური გადახდისუუნარობის პროცედურების სახელმძღვანელოს“ მიხედვით, მიუღებელია გადახდისუუნარობის კანონის აღქმა როგორც პროკრედიტორი ან პრომსესხებელი. მნიშვნელოვანი არის ის, თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებს ამ წესებს ძლიერი ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა. ეფექტურად და თანმიმდევრულად გამოყენებული პრომსესხებლური კანონი უფრო მეტ ნდობას მოიპოვებს ფინანსურ ბაზრებზე, ვიდრე არაპროგნოზირებადი პროკრედიტორული კანონი.

მიზანი 3. გადახდისუუნარობის კარგი პროცედურა იცავს აქტივებზე უფლების აბსოლუტურ პრიორიტეტულობას, აქციონერებს კი უნდა დარჩეთ საწარმოს ღირებულების მხოლოდ გარკვეული ნაწილი.

აქციონერებისთვის გარკვეული ღირებულების შენარჩუნება მათ უმცირებს სტიმულს, მაღალრისკიანი გადაწყვეტილებები მიიღონ აქციონერების სახელით  ან შეაყოვნონ გადახდისუუნარობაზე განაცხადის შეტანა.

ამ ზოგადი პრინციპების შესაბამისად, „ბიზნესის კეთების“ გადახდისუუნარობის ინდიკატორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გადახდისუუნარობის რეჟიმებს აფასებს იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუძლიათ მათ ყველაზე ეფექტიანი შედეგის მიღება. საქართველოს შედეგი შეგვიძლია შევადაროთ ევროპის და შუა აზიის რეგიონს (ეთგო-ის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების გამოკლებით) შემდეგ ინდიკატორებში: ამოღების მაჩვენებელი, რომელიც ზომავს, დაცულმა კრედიტორებმა ყოველ გაცემულ ერთ დოლარზე რამდენი ცენტი ამოიღეს გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფი ფირმიდან გადახდისუუნარობის პროცედურების დამთავრების შემდეგ; დრო, რომელიც კრედიტორებს დასჭირდათ სესხის ამოსაღებად, გამოსახული კალენდრულ წლებში; და პროცესის ხარჯი, გამოსახული, როგორც მსესხებლის საწარმოს ღირებულების პროცენტი. გადახდისუუნარობის საქმის შედეგად, დიდი ალბათობით, საწარმო თანდათან გაიყიდება, ნაცვლად იმისა, რომ საწარმომ იმუშაოს რესურსების სრულ ამოწურვამდე. ეს კი უარყოფითად მოქმედების ამოღების კოეფიციენტზე.

ძალიან თვალსაჩინოა სხვაობა შედეგებში, როდესაც საქმე მიდგება „გადახდისუუნარობის ჩარჩო კანონმდებლობის სიძლიერის ინდექსზე“. საქართველოს გადახდისუუნარობის რეჟიმს ყველა სუბინდექსში საგრძნობლად დაბალი მაჩვენებელი აქვს, განსაკუთრებით კი რეორგანიზაციის პროცედურების ინდექსში. ეს კი ნიშნავს, რომ ის მინიმალურად შეესაბამება რეორგანიზაციისა და რესტრუქტურიზაციის საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკას – და კრედიტორის მონაწილეობის ინდექსში, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გადახდისუუნარობის საქმეში კრედიტორები შეზღუდულად მონაწილეობენ.

გადახდისუუნარობის აღმოფხვრის ინდიკატორები საქართველო ევროპა და შუა აზია OECD (მაღალშემოსავლიანი ქვეყნები)
ამოღების კოეფიციენტი 39.5 38.2 73
დრო (წელი) 2 2.2 1.7 
ხარჯი (საწარმოს %) 10 13.1 9.1 
შედეგი (0 თანდათან გაყიდვა, 1 – რესურსების ამოწურვამდე ფუნქციონირება) 0 0 1
გაკოტრების ჩარჩო კანონმდებლობის სიძლიერის ინდექსი (0-16) 6 9.9 12.1
ქვეკომპონენტები      
პროცედურის დაწყების ინდექსი (0-3) 1.5 - -
მსესხებლის აქტივების მართვის ინდექსი  (0-6) 3.5 - -
რეორგანიზაციის პროცედურის ინდექსი (0-3) 0 - -
კრედიტორების მონაწილეობის ინდექსი (0-4) 1 - -

წყარო: მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი 2017

საკითხთან პირდაპირ და ირიბად დაკავშირებული სხვა მხარეების შეფასებებიც შეესაბამება „ბიზნესის კეთების“ რეიტინგებს. „შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ პროექტის „მმართველობა ზრდისთვის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, არსებული „კანონი უარყოფითად მოქმედებს პრიორიტეტული დაცული მსესხებლების უფლებებზე და არც იმდენად მოქნილ ჩარჩოს ქმნის, რომ „რეაბილიტაცია“ გამოსადეგი სტრატეგია იყოს მსესხებლისთვის ან კრედიტორისთვის.” გერმანელ ეკონომისტთა გუნდი გამოჰყოფს ორ მთავარ ასპექტს, სადაც საქართველო ვერ ახერხებს, მისდიოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. პირველი ასპექტია ის, რომ სისტემა აქცენტს აკეთებს გადახდისუუნარო კომპანიის ლიკვიდაციაზე, ნაცვლად მისი რეაბილიტაციისა. მეორე ასპექტია გადახდისუუნარობის საქმეების მართვის შეზღუდული ინსტიტუციური უნარი, მაგალითად, ქვეყანაში არ არსებობს გადახდისუუნარო კომპანიის კერძო მმართველის პროფესია (რომელიც დროებით მართავს კომპანიას, სანამ ის გადახდისუუნარობის რეჟიმშია).

ბოლო წლებში საქართველოს საერთო სარეგულაციო გარემოზე დაკვირვებით, რთულია ავხსნათ, რატომ დაგვჭირდა ამდენი დრო ამ კონკრეტული მიმართულების გასავითარებლად და მის საერთაშორისო სტანდარტებთან მისაახლოებლად. ქვემოთ მოცემული გრაფიკი გარკვეულ მინიშნებას იძლევა ამ კითხვაზე. გრაფიკზე გამოსახული წერტილები აღნიშნავს საშუალო მანძილს საზღვრამდე ქვეყანათა თითოეული ჯგუფისთვის „ბიზნესის კეთების“ თითოეული ინდიკატორით. მანძილი საზღვრამდე არის ქულა, რომელიც ზომავს, რა მანძილითაა დაშორებული თითოეული ეკონომიკა საზღვრიდან ანუ საუკეთესო შედეგიდან, რომელიც გამოვლინდა თითოეულ ინდიკატორში, ყველა ეკონომიკაში „ბიზნესის კეთების“ მოდელში 2005 წლის შემდეგ. თუ უკეთ დავაკვირდებით განსხვავებას ეგთო-ის მაღალშემოსავლიანი ქვეყნებისა და ნაკლებად მდიდარი ქვეყნების ქულებს შორის, აღმოვაჩენთ, რომ ქულებს შორის განსხვავება ყველაზე დიდია „გადახდისუუნარობის აღმოფხვრის“ მაჩვენებელში. ეს ცხადად უჩვენებს ამ რეგულაციის კომპლექსურობას. შედეგების გაუმჯობესებისთვის გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე მარტივი კანონების ხელახლა დაწერა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის დერეგულაცია. ის საჭიროებს ინსტიტუციურ განვითარებას და შესაძლებლობების მასშტაბურ გაძლიერებას. კერძოდ, გადახდისუუნარობის საქმეების სირთულიდან და გადაუდებლობიდან გამომდინარე,  საჭიროა, არსებობდნენ ისეთი ეფექტური მოსამართლეები და საქმეთა მმართველები, რომელთაც გავლილი აქვთ ადეკვატური ტრენინგები კომერციულ და ფინანსურ საკითხებში, ასევე, გაკოტრების საქმის სპეციფიკურ იურიდიულ საკითხებში (საერთაშორისო სავალუტო ფონდი).

განხორციელების სირთულეს თან ერთვის პოლიტიკური ეკონომიკის საკითხები, რომლებიც წამოიშვება გარდამავალ პერიოდში, როდესაც ქვეყანა აპირებს გადახდისუუნარობის ჩარჩო კანონმდებლობის რეფორმირებას. მსესხებლები და კრედიტორები უფრო ეფექტიანი პროცედურების მომხრენიც რომ იყვნენ, თუ ძველი პირობებით შეთანხმებული სესხები არსებობს, შესაძლოა, მოკლე დროში არ მოხერხდეს ეფექტიან სისტემაზე გადასვლა (ჰარტი, 2000 წ.). ამასთან, უერთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებმა, შესაძლოა, ხელი შეუშალოს პოლიტიკის დროულად შემუშავება-განხორციელებას და სარეგულაციო დაპირისპირებებიც კი გამოიწვიოს.

ბევრი ქვეყანა ადგება სარეგულაციო ჩარჩოს და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურების განახლების ამ რთულ გზას. „ბიზნესის კეთების“ ანგარიშების მიხედვით, განვლილი სამი წლის განმავლობაში რეფორმატორებს შორის ყველაზე პოპულარული ტენდენციებია:

- რესტრუქტურიზაციის ახალი პროცედურის შემოღება;

- წარმატებული რეორგანიზების შანსების გაუმჯობესება;

- კრედიტორების უფლებების გაძლიერება.

რომ შევაჯამოთ, არაეფექტური გადახდისუუნარობის ჩარჩო-კანონმდებლობით გამოწვეული ეკონომიკური დანახარჯები საკმაოდ დიდია და აისახება მსესხებლებისთვის მაღალ საპროცენტო განაკვეთებში, ინვესტორების გულგრილობაში; პოტენციური მეწამეები და ის მეწარმეები, რომელთაც უდროოდ, თავიდან დაწყების შანსის გარეშე, უხდებათ ბაზრის დატოვება, წყვეტენ ეკონომიკურ საქმიანობას. ბაზრის თანამედროვე ტენდენციებთან დასაწევად საქართველომ უნდა შექმნას – და რაც შეიძლება, სწრაფად – ისეთი რეგულაციური გარემო, სადაც მარცხიც კი ხელმისაწვდომი ალტერნატივა იქნება.


მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ორშაბათი, 18 ნოემბერი 2019

Captcha Image

Our Partners