ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

უკან მომავალში: უქმნის თუ არა ფერმერობის ძველი პრაქტიკა ბაზარზე ნიშას ქართველ ფერმერებს?

უხსოვარი დროიდან მთვარე ყველას ყურადღების ცენტრში იყო. ადამიანები თაყვანს სცემდნენ მნათობს და სწამდათ, რომ მას მისტიკური ძალა ჰქონდა. მთვარის მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა, ფსიქოლოგიური და ასტროლოგიური კვლევები დიდი ხანია სწავლობენ მთვარის გავლენას ადამიანის განწყობასა და ქცევაზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აქციის ამონაგებზე მთვარის ფაზების გავლენას მრავალი ეკონომიკური ნაშრომი ეძღვნება. იუანმა და სხვ. (2006 წ.) აღმოაჩინეს, რომ ამონაგები აქციაზე (საფონდო ინდექსის ცვლილება) უფრო მეტია ახალი მთვარის პერიოდში, ვიდრე სავსემთვარეობისას. ეს განსხვავება არ არის დამოკიდებული ბაზრების ცვალებადობაზე, ვაჭრობის მოცულობაზე, ობლიგაციების ამონაგებსა და საპროცენტო განაკვეთებზე. საინტერესოა ისიც, რომ ამ მოვლენაზე გავლენას არ ახდენს არც კალენდართან დაკავშირებული ანომალიები: იანვრის ეფექტი, კალენდრული თვის ეფექტი, სამუშაო დღის ეფექტი და წინასადღესასწაულო დღეების ეფექტი. რა თქმა უნდა, გასარკვევია, რას მიეწერება ამგვარი შედეგები: მთვარის მისტიკურ ძალას თუ ადამიანის ცრურწმენას მათზე.


მთვარე მოსავლისა

მთვარის ფაზებსა და აქციებზე ამონაგებს შორის კორელაციამ, შესაძლოა, დაგვაეჭვოს ბაზრის მონაწილეთა რაციონალურობასა და კეთილგონიერებაში. ფერმერულ მეურნეობაში  მთვარის კალენდრის გამოყენება კი ნამდვილად არ გაუკვირდება თანამედროვე ადამიანების უმეტესობას. მთვარის ფაზების მიხედვით მეურნეობის წარმართვა სათავეს ნილოსის და ევფრატის უძველესი ცივილიზაციებიდან იღებს.

XVII საუკუნიდან მოყოლებული განმანათლებლობის იდეით (ინდუსტრიული რევოლუციის უკან მდგარი ფილოსოფიური მოძღვრება) გატაცებული ევროპელები ცდილობდნენ, მოსავლიანობის გაუმჯობესებისა და ფერმერობის ინდუსტრიალიზაციის გზებისთვის მიეგნოთ. XIX საუკუნის შუა წლებიდან ფართოდ გამოიყენება ქიმიური სასუქები. ამასთან, მკვეთრად იცვლება ევროპისა და ბრიტანეთის ლანდშაფტი, რადგან უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიეშურება ქალაქს უღიმღამო ქარხნებსა და ქსოვილის ფაბრიკებში სამუშაოდ. ადამიანები თითქოს ინდუსტრიული პროცესების მექანიკურ გაგრძელებად იქცნენ.

მრავალ ინტელექტუალს აფიქრებდა ბუნების მიმართ ამგვარი „უსულო“ ინდუსტრიული მოპყრობა. XX საუკუნის დასაწყისში რუდოლფ შტაინერმა საფუძველი ჩაუყარა ფერმერობის ბიოდინამიკურ მეთოდს (ევროპაში ერთ-ერთი პირველი ორგანული მეურნეობის მხარდამჭერი მოძრაობა), რომელსაც ხშირად ჰოლისტიკურ მეთოდს უწოდებენ. ამ მიდგომის ფილოსოფია ის არის, რომ ყველა მცენარე, ცხოველი და ასტროლოგიური ციკლი ცხოვრობს ურთიერთდაკავშირებულ სივრცეებში, რომლებიც ერთმანეთზე ურთიერთქმედებენ.

სოფლის მეურნეობის ბიოდინამიკური მეთოდის მთავარი იდეა ისაა, რომ ფერმა თვითმყოფადი ორგანიზმია, რომელიც ბუნების რიტმს მისდევს. ბიოდინამიკ ფერმერებს სჯერათ, რომ ყველა მცენარეს საკუთარი ხასიათი და ენერგია აქვს, რომელიც ბუნებასა და ასტროლოგიურ ციკლთან ჰარმონიაშია. უფრო ზუსტად, მთვარის ფაზები (ახალი მთვარე, პირველი მეოთხედი, სავსე მთვარე და მესამე მეოთხედი) განსაზღვრავს კონკრეტული მცენარის თესვის, ხვნისა და მოსავლის აღებისთვის საუკეთესო დროს. ბიოდინამიკური კალენდარი  იმისთვის შეიქმნა, რომ ფერმერებს გაადვილებოდათ მოსავლის ციკლების დაგეგმვა (www.amazon.com-ზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ 2017 წლის ბიოდინამიკური კალენდარი).

ბიოდინამიკი ფერმერები იმავე პრინციპებს მისდევენ, რომელსაც ორგანული ფერმერები. ორგანული ფერმების მსგავსად, ისინიც ნაკელსა და ნარჩენებს იყენებენ ნიადაგის გასანოყიერებლად. მიუხედავად ამისა, ბიოდინამიკური ორგანულს არ ნიშნავს, ის უფრო ორგანული მეურნეობის ვიწრო სპექტრია. ასტროლოგიური კალენდრის გამოყენება მხოლოდ ერთ-ერთია ბიოდინამიკურ სოფლის მეურნობაში გამოყენებული პრინციპებიდან. სხვა პრინციპები გულისხმობს ადგილობრივი ჯიშების და სახეობების გამოყენებას და „ადგილობრივი საწარმოო და სადისტრიბუციო სისტემების გამოყენებისკენ მოუწოდებს პროცესის მონაწილეებს“.

დღეს მსოფლიოში 5091 ფერმა ფლობს ბიოდინამიკურის სერტიფიკატს (Demeter, 2016 წ.). სამეცნიერო საზოგადოება, ზოგადად, სკეპტიკურად არის განწყობილი ბიოდინამიკური სოფლის მეურნეობის მიმართ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ბიოდინამიკური მეთოდების გამოყენებას დადებითი გავლენა აქვს ეკოსისტემაზე, ენერგიის გამოყენებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით. ბიოდინამიკური მეურნეობის მომხრეები, ირწმუნებიან, რომ ბიოდინამიკური მეთოდებით შესაძლებელია მცენარეთა დაავადებების თავიდან აცილებაც, რაც დიდად გავრცელებულია ინდუსტრიულ მეურნეობაში.


მთვარის როლი ქართულ მევენახეობაში: შესაძლებელია წარსული მომავლად იქცეს?

შეძლებენ ქართველი ფერმერები, საუკუნოვანი პრაქტიკის გამოყენებით, გაამჯობესონ მოსავლიანობა და, ამავდროულად, დააკმაყოფილონ ევროპის სოფლის მეურნეობის საერთო ბაზარზე შესვლისთვის საჭირო მკაცრი მოთხოვნები? ისტორიულად, მთვარე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში. მთვარის ფაზებზე დაკვირვებით ქართველი ფერმერები ადგენდნენ მოსავლის დათესვის, აღებისა და შენახვისთვის შესაფერის დროს. საქართველოს სოფლებში უფროსი თაობის მეურნეები კვლავაც ამ მეთოდს იყენებენ.

მაგალითად, მამაჩემი მთვარის კალენდრის კონკრეტულ დღეებში იღებს ყურძნის მოსავალს, ღვინოს ბოთლებშიც მთვარის კალენდარის მიხედვით ასხამს. სჯერა, რომ მოსავალი უნდა აიღო სავსემთვარეობას (ახალი მთვარის ფაზიდან მთვარის შევსებამდე პერიოდში, როდესაც მთვარის ხილული ზომა იზრდება), რადგან ამ დროს ყურძენი უფრო წვნიანი, ტკბილი და ხორციანია. მეტიც, ბოთლები რომ არ დატყდეს, სჯობს ღვინო ბოთლებში მთვარის კლების პერიოდში (როდესაც მთვარის ხილული ზომა იკლებს) ჩამოვასხათ, ასე სჯერა მამაჩემს.

ბიოდინამიკური მევენახეობის მოძრაობა ძალიან მოდური გახდა და მას უკვე მრავალი მიმდევარი ჰყავს ევროპასა თუ შეერთებულ შტატებში. საქართველოს, რომელსაც ღვინის წარმოებაში მთვარის ფაზებზე დაკვირვების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, შეუძლია, ეს ცოდნა ბიზნეს-შესაძლებლობად აქციოს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, ქვეყნის ექსპორტში ღვინის წილი 5%-ია, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია ასეთი პატარა ქვეყნისთვის. თუმცა ქართული ღვინის პრობლემა ის არის, რომ ბოთლი 12-15 ევრო ღირს, რის გამოც ის გაცილებით ძვირია, ვიდრე ფრანგული, იტალიური თუ გერმანული მაღალი ხარისხის ღვინო, რომელიც, მაგალითად, გერმანიის სუპერმარკეტებში იყიდება. შესაძლოა, ქართველ მეღვინეებს ევროპის ბაზარზე სხვა მწარმოებლებისთვის კონკურენციის გაწევა ამიტომაც უჭირთ.

ქართულ მეღვინეობას წარმოების მასშტაბი არ აძლევს საშუალებას, კონკურენცია გაუწიოს გაცილებით დიდ მწარმოებლებს სტანდარტული ღვინის სეგმენტზე, თუმცა მას შეუძლია, ადგილი დაიკავოს განსაკუთრებულ,  ნიშურ ბაზრებზე, ისეთზე, როგორიცაა ბიოდინამიკური ღვინის სეგმენტი, სადაც ბოთლი ღვინის საცალო ფასი საშუალოდ 20 ევროა ევროპაში.

რამდენიმე ქვეყანა წარმატებით ეწევა ბიოდინამიკური ბრენდების პოპულარიზაციას. მაგალითად, შვეიცარია, რომელსაც არ შეუძლია დიდი რაოდენობით ღვინის წარმოება, რაოდენობის ნაცვლად ხარისხზე აკეთებს აქცენტს. „ღვინის სამყაროში მოგზაურის გზამკვლევის“ ვებგვერდზე იხილავთ ბროშურას, რომელიც გვაცნობს შვეიცარიის ბიოდინამიკურ მევენახეობას: „იმ დროს, როცა ფართოდ გავრცელებულია ღვინის ფართომასშტაბიანი წარმოება, საერთო იდეით გატაცებული მცირე მწარმოებლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ დახვეწონ შეთავაზება და სუპერმაკეტების ღვინის სამყაროდან მომხმარებლები გადაიყვანონ ბიოდინამიკური და ორგანული ღვინოების მაცდურ სამყაროში, სადაც თითოეული ღვინო თავისი  ალპური ფესვების ამბავს მოგვითხრობს“.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიოდინამიკური მეურნეობა უფრო მეტ შრომით რესურსს მოითხოვს, ვიდრე ტრადიციული სოფლის მეურნეობა. ეს, შესაძლოა, კარგი ამბავი იყოს ქართველი ფერმერებისთვის, რომლებიც, ტრადიციულად, წინაპრების მიწა-წყალზე ცხოვრებას ამჯობინებენ და ქალაქისკენ გული არ მიუწევთ.

კომპიუტერული ტექნოლოგიების ხანაში ძველი ტრადიციების დაკარგვა თითქოს გარდაუვალი ჩანს, რადგან ისინი „ეკონომიკურ პროგრესს“ აფერხებს. თუმცა ორგანულმა და ბიოდინამიკურმა მეურნეობამ შესაძლოა, საპირისპირო დაამტკიცოს - ძველი ტრადიციები სულაც არ გვაფერხებს, პირიქით, მათ შეიძლება მომავალში გადაგვისროლონ.

 

სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის –  „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორ(ებ)ის პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.

 


იხილეთ მასალის გამოყენების წესები

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2019

Captcha Image

Our Partners