ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

მომხმარებელთა უფლებები საქართველოში

1962 წლის 15 მარტს პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი პირველი სიტყვით წარსდგა კონგრესის წინაშე და ხაზი გაუსვა მომხმარებელთა ოთხ, მისი აზრით არსებით, უფლებას: უსაფრთხოება, ინფორმირებულობა, არჩევნისა და მოსმენის უფლება. კენედის ამ გამოსვლის შემდეგ, მომხმარებელთა დაცვის იდეა გაიფურჩქნა როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. წელს, კენედის გამოსვლიდან 52 წლის შემდეგ, საქართველო მიიღებს ახალ კანონს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. მოდი, შევხედოთ მომხმარებელთა დაცვას ზოგადად, საქართველოში და კანონ-პროექტში, რომელიც მალე განსახილველად შევა პარლამენტში.


რას ნიშნავს მომხმარებელთა დაცვა?

საჭიროა, ერთმანეთისგან გავარჩიოთ მომხმარებელთა უფლებების ორი ტიპი: ex ante და ex post უფლებები.

ex ante გულისხმობს პერიოდს პროდუქტის შეძენამდე. ის იცავს პოტენციურ მყიდველებს მოტყუებისგან, ის უზრუნველყოფს პროდუქტის სტანდარტს და ეხმარება მომხმარებელს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

მაგალითად, არსებობს უსაფრთხოების უამრავი რეგულაცია პოტენციურად საშიშ ტექნიკურ პროდუქტებზე, როგორიცაა მჭრელი მოწყობილობები, პურის ელექტროდანები და წყლის ელექტრომადუღარები. ევროპაში დამცველები ისეთი მგრძნობიარეა, რომ შეგიძლიათ თმის საშრობი აბაზანაში ჩააგდოთ სანამ ბანაობთ, ისე, რომ არავითარი ელექტროშოკი არ განიცადოთ. სანამ ელექტროენერგია თქვენს სხეულამდე მიაღწევს, დამცველი უკვე აფეთქებული იქნება (თუმცა მაინც არ გირჩევთ დატესტოთ, რამდენად მუშაობს).

სხვა სტანდარტები ეხება საქონლის დამზადების წესებს. მაგალითად, ევროპასა და აშშ-ში განსაზღვრება „ორგანული“ კანონით არის დაცული. ორგანული საკვები უნდა დამზადდეს გარკვეულ პირობებში, რაც ზღუდავს პესტიციდების, სასუქების და სხვ. გამოყენებას. არსებობს, ასევე, კანონები, რომელიც განსაზღვრავს სტანდარტებს პროდუქტისთვის „ლუდის, „რძის“ ან „წვენის“ სახელწოდების მინიჭებას. ეს უკანასკნელი დამზადებული უნდა იყოს მხოლოს ხილისა და წყლისგან (სხვაგვარად მას შეიძლება მხოლოდ „ნექტარი“ ეწოდოს).

ასევე, საკვები პროდუქტების ინგრედიენტების სია შეიძლება სასარგებლო იყოს მყიდველისთვის. ის ეხმარება ვეგეტარიანელებს, თავი აარიდონ ხორცს, ხოლო ადამიანებს, ვისაც ალერგია აქვს მიწის თხილზე, თავიდან აიცილონ ანაფილაქსიური შოკი. და მკვეთრმა გაფრთხილებებმა სიგარეტის კოლოფზე („მოწევა კლავს, „მოწევა იწვევს კიბოს“, „მოწევა იწვევს ერექციის დაქვეითებას“) შეიძლება მწეველები აიძულოს, უარი თქვან მავნე ჩვევაზე.

ex ante მომხმარებელთა დაცვის ყველაზე რადიკალური საშუალება არის პროდუქტის გაყიდვის აკრძალვა. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია ეთილირებული საწვავისა და არაპასტერიზებული რძის გაყიდვა. მთელ მსოფლიოში აკრძალულია მძიმე ნარკოტიკებით ვაჭრობა.

Ex post მომხმარებელთა დაცვა გულისხმობს მომხმარებელთა დაცვას უკვე პროდუქტის შეძენის შემდეგ. მაგალითად, შეიძლება არსებობდეს რეგულაციები, რომელიც გულისხმობს რა პირობებში შეიძლება საქონლის უკან დაბრუნება და გადახდილი თანხის უკან მიღება. ასევე, დამსჯელობითი ზომები თაღლითი ან გულგრილი გამყიდველის წინააღმდეგ ითვლება Ex post მომხმარებელთა დაცვის ნაწილად. მსგავის ზომები განსაკუთრებით მკაცრია აშშ-ში. 1992 წელს, როდესაც სტელა ლიბეკმა მაკდონალდსის ერთ-ერთ რესტორანში 49 ცენტად იყიდა ფინჯანი ყავა, ყველაზე კარგი რამ, რაც მის ცხოვრებაში მოხდა, იყო ის, რომ მან ყავა შემთხვევით კალთაზე გადაისხა. ამის გამო მაკდონალდს მოუწია, ქალბატონი ლიბეკისთვის 2.86 მილიონი აშშ დოლარი გადაეხადა კომპენსაციის სახით (ე.წ. „დამსჯელობითი ზარალი“, თუმცა საქმე საბოლოოდ რამდენიმე ათასი აშშ დოლარის გადახდით დასრულდა).


რა საჭიროა მომხმარებელთა დაცვა?

2008 წელს საბავშვო რძის ჩინელ მწარმოებლებს სურდათ დაემტკიცებინათ, რომ მათი პროდუქცია შეიცავდა დიდი რაოდენობით პროტეინებს. არაკეთილსინდისიერმა მწარმოებლებმა ისარგებლეს იმ ფაქტით, რომ სტანდარტული ტესტები ვერ არჩევს ერთმანეთისგან ნამდვილ ცილასა და მელამინს, ქიმიურ შემცველს, რომელიც გამოიყენება აალების წინააღმდეგ. ამგვარად, მათ დაამატეს მელამინი რძის ფხვნილს. შედეგად, 6 ბავშვი გარდაიცვალა, 54,000 საავადმყოფოში გადაიყვანეს, 300,000 კი შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. რამდენი წლით ადრე წყლით გაზავებულმა საბავშვო რძემ გამოიწვია 13 ბავშვის სიკვდილი ცუდი კვების გამო. ამან დააზარალა არა მხოლოდ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახები, არამედ საკვების ჩინელი მწარმოებლების რეპუტაციაც.

მომხმარებლებს ხშირად არ აქვთ დრო და ცოდნა, რომ არ აღმოჩნდნენ თაღლითი გამყიდველების მსხვერპლი. როდესაც თვითმფრინავში ჯდებით, თქვენ იძულებული ხართ, ენდოთ კომპანიას, რომ მისი თვითმფრინავი გამართულად მუშაობს, პილოტები კი კვალიფიციურები არიან. მგზავრებისთვის კარგია, რომ მთავრობის წარმომადგენლები ხურავენ ავიაკომპანიებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.

მეორეს მხრივ, მომხმარებელთა დაცვის კანონებიც შეიძლება პრობლემული გახდეს, თუ მათ შემოღებას აქეზებენ მწარმოებლები იმპორტის (ე.წ. „ტექნიკური სავაჭრო ბარიერები“) ან შიდა კონკურენციის თავიდან აცილების მიზნით. მეტიც, მათ შეიძლება ხელი შეუშალონ ინოვაციას.


ახალი კანონი საქართველოში

ამჟამად მომხმარებელთა დაცვის შესახებ საუბარია მხოლოდ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“, რომელიც დამტკიცდა 2012 წელს მას შემდეგ, რაც 1996 წლის კანონი მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე გაუქმდა. ახალი კანონ-პროექტი, რომელიც უფრო დაწვრილებით მოიცავს მომხმარებელთა უფლებებს, პარლამენტში წარდგენამდე გაეგზავნა სხვადასხვა სამინისტროს. მოდი, შევხედოთ რამდენიმე პარაგრაფს ამ კანონ-პროექტიდან.

კანონ-პროექტის ჩემ ხელთ არსებული ასლის მე-6 მუხლის თანახმად, მწარმოებლები ვალდებული არიან, მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ დაითვალეს პროდუქტის ფასი. ის ამბობს, რომ მწარმოებელმა უნდა მიაწოდოს „ინფორმაცია პროდუქტის მთლიან ფასზე (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაზიდვის, ინსტალაციისა და სხვ.) ან, სადაც ფასის დათვლა შეუძლებელია, კომპონენტების ფასი და მათი დათვლის მეთოდი“.

ეკონომიკური თვალსაზრისით, გამყიდველის იძულება, გაამხილოს ფასები, უკვე პრობლემაა. ფასწარმოქმნა არის ერთ-ერთი ყველაზე დაცული, სრულიად ლეგიტიმური სავაჭრო საიდუმლო. თუ მწარმოებელი სარგებლობს ფასების უპირატესობით, მაგალითად განსაკუთრებული ინოვაციური წარმოების მეთოდის ან ნედლეულის იაფი წყაროს მეშვეობით, კონკურენტებისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა ამის შესახებ ინფორმაციის გაგება. შედეგად, მწარმოებლებს აღარ ექნებათ მოტივაცია, ახლებური გზებით გააუმჯობესონ ფასები, რადგან ბევრად უფრო ადვილი იქნება ინოვატორების ხარჯების სტრუქტურის გაგება.

შიდა მწარმოებლები რომც დაემორჩილონ ამ კანონს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელი მწარმოებლები ქართული კანონმდებლობის გამო გაამხელენ საკუთარი ხარჯების სტრუქტურას. ქართულ ბაზარს აქვს ევროპის ან აშშ-ის საშუალო ზომის ქალაქის მოცულობა და კომპანიებს ურჩევნიათ, დაკარგონ ეს ბაზარი, ვიდრე გაამხილონ საკუთარი ფასწარმოქმნა. მართალია, ზოგიერთები მიესალმებიან ზოგიერთ ტექნიკურ სავაჭრო ბარიერს, რათა დაიცვან ქართული მრეწველობა, მაგრამ საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული საქონლის (ძირითადად მაღალ-ტექნოლოგიური  პროდუქტები) იმპორტისთვის ხელის შეშლამ შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს ქართულ ეკონომიკას.

მე-6 მუხლის თანახმად, საქონელზე ქართულ ენაზე უნდა ეწეროს ზოგადი ინფორმაცია პროდუქციისა და მწარმოებლის შესახებ. ეს ძალიან სასარგებლოა იმ ქართველი მომხმარებლებისთვის, რომლებმაც არ იციან რუსული და ინგლისური, მაგრამ ზრდის იმპორტის ხარჯებს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ, თუ, მაგალითად, კომპიუტერების მყიდველებს რეალურად ენდომებათ კომპიუტერის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, გამყიდველები ასეც მოიქცევიან კანონის მხრიდან ყოველგვარი იძულების გარეშე. მათ შეუძლიათ განსხვავებული ფასი დაადონ კომპიუტერს, რომელსაც ქართულ ენაზე თარგმნილი სახელმძღვანელო მოყვება.

მე-8 მუხლში წერია: „მომხმარებელს აქვს უფლება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, გააუქმოს ხელშეკრულება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საქონლის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში“. ეს მუხლი აშკარა უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელს. ეს გაზრდის პროდუქციის ფასსაც. გამყიდველები დაუშვებენ, რომ გარკვეული ალბათობით, პროდუქტი დაბრუნდება უკან 14 დღის განმავლობაში. თუ ეს მოხდება, ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი პროდუქციის ხელახლა გაყიდვა. შეიძლება საჭირო გახდეს პროდუქციის ფუნქციების დატესტვა და ხელახალი შეფუთვა. სოფისტიკური, იმპორტირებული პროდუქციისთვის ეს შეიძლება საკმაოდ ძვირი იყოს, რადგან, როგორც წესი, პროდუქტი უნდა გაეგზავნოს მწარმოებელს, რათა აღდგეს მისი გაყიდვისუნარიანობა.

მეორეს მხრივ, თუ ვიღაცას უნდა, ზოგადად ჰქონდეს „დაბრუნების უფლება“ (რომელიც ბევრ ქვეყანას აქვს და რომელიც საჭიროა, რათა მომხმარებელი მოტყუებისგან დავიცვათ), მაშინ მე-8 მუხლი სასარგებლოა. სხვა ქვეყნებში მომხმარებლებს ახალისებენ, განგებ დააზიანონ ნივთი, რომლის უკან დაბრუნებაც უნდათ, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ ავალდებულებს კანონი გამყიდველს, დაიბრუნოს იგი. მომხმარებლისთვის ახსნა-განმარტების არმოთხოვნის შემთხვევაში, მსგავსი სტიმული უსარგებლოა.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
პარასკევი, 13 დეკემბერი 2019

Captcha Image

Our Partners