ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

განათლებასა და სამშობლოს დაცვის წმიდათაწმიდა მოვალეობაზე


საქართველოს „მკვდარი სულები“?

რატი, ლაშა და ირაკლი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (ე.წ. „გეპეის“) ინჟინერიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები არიან, რაც ფრიად უცნაურია. 22-23 წლის ასაკში სამივე ცოცხალია, თუმცა არასდროს დასწრებიან ლექციებს და არც გამოცდები ჩაუბარებიათ.  ეს მათთვის მესამე საგანმანათლებლო ხარისხი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი არ აპირებს სწავლის დამთავრებას. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: „გეპეიში“ მათ „სწავლას“ ქართველი გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ, რადგან ინჟინერია (ისევე, როგორც მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.

არ გეგონოთ, რომ რატი, ლაშა და ირაკლი ჩართულნი არიან გეპეის დისტანციური სწავლების პროგრამაში. სამეულმა უბრალოდ იპოვა მარტივი გზა, თავი აარიდოს ქართულ ჯარში სამსახურის წმიდათაწმიდა მოვალეობას.


50 გზა, როგორ მიატოვოთ შეყვარებული და 21 გზა, როგორ დააღწიოთ თავი სამშობლოს სამსახურს

საქართველო ამაყობს საკუთარი საგადასახადო სისტემის სიმარტივით. თუმცა სიმარტივე და სამართლიანობა ნამდვილად არ არის საქართველოს სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის დამახასიათებელი თვისებები. ნომინალურად, 18-დან 27 წლამდე ყველა ქართველი მამაკაცი ვალდებულია, გაიაროს 18-თვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური. თუმცა კანონის 30-ე მუხლი (სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება) შეიცავს სულ მცირე 21 ლეგალურ მიზეზს, რომ სამხედრო სამსახურს თავი დააღწიოთ. აღნიშნული კანონის თანახმად, „წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:

50 Ways To Leave Your Lover:

by Paul Simon and Art Garfunkel

Just slip out the back, Jack
Make a new plan, Stan
You don't need to be coy, Roy
Just get yourself free
Hop on the bus, Gus
You don't need to discuss much
Just drop off the key, Lee
And get yourself free

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის (მათ შორის ფსიქოლოგიური პრობლემების) გამო სამხედრო სამსახურის გავლისათვის დროებით უვარგისად არის ცნობილი; 
  • არის დედისერთა;
  • ჰყავს ერთი სამწლამდე ან 2 ნებისმიერი ასაკის შვილი;
  • მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი და ან ძმა;
  • ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრი;
  • დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
  • სწავლობს კოლეჯში ან უნივერსიტეტში (საქართველოსა თუ საზღვარგარეთ);
  • არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში (რასაც არ სჭირდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება!)
  • მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად;
  • მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი და ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;
  • დარეგისტრირებულია საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად.

კანონის 30-ე მუხლი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ის საშუალებას აძლევს ადამიანს, გადაიხადოს 2000 ლარი და 18 თვით გათავისუფლდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან (ამ თანხის გადახდა შეიძლება 27 წლამდე). ეს ვარიანტი პრაქტიკულად იძლევა გარანტიას, რომ არც ერთ ვაკელ ბავშვს არასდროს არ მოუწევს სამხედრო ფორმის ჩაცმა.

დაბოლოს, თუ, რიგ მიზეზების გამო, არცერთი ზემოხსენებული ლეგალური მიზეზი არ არსებობს, ადამიანი შეიძლება გათავისუფლდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.

კანონში ამდენი ლაფუსის არსებობის ფონზე, ცხადია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ უცოდინარ სოფლელ ბიჭებს უწევთ, რომლებიც საკმარისად მოხერხებულნი არ არიან, რომ დროულად გააჩინონ შვილი. ისიც ცხადია, რა დამოკიდებულებით იწყებენ ეს ახალგაზრდები თავიანთი მოვალეობის შესრულებას. 


ყველაზე საშინელი კანონი?

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა ე.წ. რეგულირების გავლენის ანალიზი (Regulatory Impact Assessment – RIA), რომლის მიზანი კანონებისა და რეგულაციების კრიტიკული შეფასებაა. როგორც წესი, RIA ერთმანეთს ადარებს ამა თუ იმ კანონის პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებსა (მაგ.: ახალი მედიკამენტების ლიცენზირების პროცედურა) და სარგებელს (გაუმჯობესებული ჯანმრთელობა).

საქართველოს კანონი სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 9. იმ პირის ასაკი, რომელიც ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას

„18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი, ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას“.

საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი #2554

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ზედაპირული შეფასებითაც კი აშკარაა, რომ იგი უკიდურესად არაეფექტურია.

ზოგადად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის უპირატესობა ის არის, რომ საშუალებას აძლევს ქვეყანას, კრიზისის დროს ადვილად შეკრიბოს ხალხი (მათ შორის რეზერვისტები, რომელთაც გაიარეს სამხედრო წვრთნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში). შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზეც, რომ სამხედრო სამსახური ადამიანებს სძენს გუნდური მუშაობის, დისციპლინის, სტრესის მენეჯმენტისა და სხვა უნარ-ჩვევებს.

 სასაცილო ისაა, რომ საქართველოს კანონი სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ არ ემსახურება მის წინასწარ გაცხადებულ მიზანს. საქართველოს შეიარაღებული ძალები ვერავითარ სარგებელს ვერ იღებს არამოტივირებული სოფლელი ბიჭებისგან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ძალიან ცოტა ახალწვეული გადის სათანადო სამხედრო წვრთნას, რაც საერთო სამხედრო პერსონალის 10%-ს თუ შეადგენს. მომავალი ომებისა თუ სამსახურისთვის მომზადების ნაცვლად, ახალწვეულთა 90% დასაქმებულია უფასო მუშახელად ქართული ციხეების, სამხედრო ბაზებისა და სამთავრობო დაწესებულებების დაცვაში.

გარდა იმისა, რომ კანონი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სამხედრო საჭიროებებს, ის უაღრესად ძვირი უჯდება როგორც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და მის ადამიანურ და სოციალურ კაპიტალს, ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

(1) თქმაც არ არის საჭირო, რომ გაუნათლებელი და უმოტივაციო გლეხების არმია ძნელად თუ პასუხობს XXI საუკუნის სამხედრო თუ ტექნოლოგიურ გამოწვევებს (ტერორიზმთან ბრძოლა, საინფორმაციო ომი, დრონები, რობოტები, დისტანციური რაკეტები და ზუსტი დამიზნების იარაღები).

(2) ეს კანონი ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ სულს, ახალისებს რა ათასობით ქართველ ახალგაზრდას, აგდებით მოეკიდონ სისტემას (უსარგებლო სწავლით, ნაადრევი რეპროდუქციითა თუ ყალბი თვითმკვლელობის მცდელობებით). ჰორაციუსი, რომლის აზრითაც სამშობლოსთვის სიკვდილზე „ტკბილი და ლამაზი“ არაფერია, არასდროს მოიწონებდა კანონს, რომელიც ახალგაზრდებს მოქალაქეობრივ მოვალეობათა უგულებელყოფას ასწავლის.

(3) ქართველი ხალხის მდიდრებად და ღარიბებად დაყოფით კანონი ხელიდან უშვებს ქვეყნის ისედაც მწირი სოციალური კაპიტალის გაძლიერების უდიდეს შესაძლებლობას. 13 წლის ასაკში ისრაელში წავედი საცხოვრებლად, სადაც მხოლოდ მაშინ ვიგრძენი თავი ისრაელის ამაყ მოქალაქედ, როდესაც ელიტურ მედესანტეთა ერთეულის სამხედრო ფორმა ჩავიცვი. ქვეყნის რთული ეთნიკური და სოციალური მოზაიკის გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია სამხედრო (და/ან სავალდებულო სამოქალაქო) სამსახური გამოიყენოს სხვადასხვა ჯურის ადამიანებისთვის თანაცხოვრების სწავლებისა თუ სოციალური და პროფესიული კავშირების შექმნის საშუალებად. ამას აგდებით არ უნდა მოვეკიდოთ, რადგან ქართველებს ახასიათებთ ოჯახურ ჯგუფებად და კლანებად გაერთიანება. ქვეყნის ბევრი გამოწვევაც (ბიზნესში, პოლიტიკასა თუ მთავრობაში) სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ ამ მარწუხებიდან თავის დაღწევას.

(4) ამ კანონის წმინდა ეკონომიკური ღირებულება ბევრად სცდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ჯიბეში ჩადებულ რამდენიმე ათას ლარს. რატი, ლაშა და ირაკლი არაფერს არ სწავლობენ, ბევრი სხვა ქართველი სტუდენტის მსგავსად. მიზეზი ის არის, რომ ქართული კოლეჯები და უნივერსიტეტები არ განიცდიან კონკურენციის ზეწოლას, შესაბამისად, არავითარი მოტივაცია არ აქვთ, უკეთესი საგანმანათლებლო პროდუქტი შესთავაზონ სტუდენტებს. პროდუქტი, რომელსაც ისინი ბედნიერად ყიდიან (სტუდენტები კი ყიდულობენ), სხვა არაფერია, თუ არა ფარატინა ფურცელი („დიპლომი“), რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი არც ისეთი სუსტია, როგორიც პრივილეგიებს მოკლებული სოფლელი გოგო-ბიჭები.

(5) დაბოლოს, სამხედრო სამსახურის საფრთხე ქართველ ახალგაზრდებს უბიძგებს (ნებისმიერი) ხარისხის მოპოვებისკენ. როგორც გავიგე, 18-თვიანი სამხედრო სამსახური (განსაკუთრებით ისეთი, როგორიც მე გავიარე ისრაელში) მართლაც მცირე საზღაურია 4 წლის განმავლობაში საბჭოთა პერიოდის პროფესორებთან სწავლასთან შედარებით, რომლებიც თავს გვაჩვენებენ, თითქოს მარკეტინგს ან მენეჯმენტს გვასწავლიან და რომლებიც იძულებით შერჩნენ მცდარ პროფესიას მთელი თავიანთი დარჩენილი ცხოვრება.

საქართველო არჩევანის წინაშე დგას. ის ან უნდა მიჰყვეს ისრაელის მაგალითს და შექმნას სავალდებულო ეროვნული სამხედრო (სამოქალაქო) სამსახური ან გადავიდეს მცირე, ამერიკული სტილის მოხალისეთა პროფესიული ჯარის ყაიდაზე. ორივე ვარიანტს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუმცა ერთი რამ ცხადია: საქართველოს არ აქვს არსებული კანონის შენარჩუნების ფუფუნება, რომელიც ვერ ასრულებს მის გაცხადებულ მიზანს და თან საფრთხეს უქმნის საქართველოს აღმშენებლობასა და მოდერნიზაციას.


ჯარი – ინოვაციის კერა

სამომავლო სტრატეგიაზე ფიქრისას საქართველოს შეუძლია, გაითვალისწინოს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც სამხედრო სფერო ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის გამოიყენეს.

მთავარი ის არის, რომ განათლება და სამხედრო სამსახური შეიძლება თანაარსებობდეს. მსოფლიოს ზოგიერთი საუკეთესო პროფესიული არმია (ამერიკა ამისი კარგი მაგალითია) თავის ოფიცრებს განათლების მიღებას ავალდებულებს. აშშ-ში პოლკოვნიკს უნდა ჰქონდეს მაგისტრის, უმაღლესი წოდების გენერლებს კი – დოქტორის ხარისხი. ოფიცრების განათლების დაფინანსებით ქართული ჯარი გახდებოდა არა მხოლოდ უფრო ჭკვიანი და უნარიანი, არამედ საინტერესო და მიმზიდველი ბევრი ჭკვიანი ადამიანისთვის.

უფრო მეტიც, ეს მოდელი მხოლოდ ბრძოლის ველის მეთაურებზე შეიძლება არ იყოს ორიენტირებული. კარგ სამხედროს შეიძლება ჰქონდეს ინჟინერიის, ჯანდაცვის, დიპლომატიისა თუ სამართლის შესანიშნავი ცოდნა. მაგალითად, ისრაელის სამხედრო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ელიტური დაზვერვის შენაერთები უკვე დიდი ხანია ცნობილია როგორც ტექნოლოგიური ნიჭის კერა, რასაც კარგად ასახავს სათაური „ისრაელის ჯარის 8200-ე შენაერთიდან სილიკონის ველამდე“. ერთის მხრივ, ეს შენაერთები უაღრესად კონკურენტული კრიტერიუმებით რეკრუტირებას უწევენ საუკეთესო ახალგაზრდებს (ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ჯარში მოსახვედრად და არა მისგან თავის დასაღწევად!), მეორეს მხრივ, ისინი ამარაგებენ ისრაელის სტარტაპ ერს გამოცდილი დეველოპერებით, პროფესიული კავშირებითა თუ იდეებით.

საქართველოში ინდივიდუალური ნიჭის ნაკლებობა ნამდვილად არ არის, მაგრამ ამის გამოყენებისთვის მან დაუყოვნებლივ უნდა მიხედოს არაეფექტურ კანონებსა და ინსტიტუციებს. ამ შემთხვევაში კი ქვეყნის სამხედრო კანონსა და უნივერსიტეტებს.


სტატიის ავტორი არის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველი

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

Captcha Image

Our Partners