ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

ევროპას უნდა საქართველო, მაგრამ არა ქართველები

 

2015 წლის მარტში, იტალიაში, ძლიერი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 31 წლის თამარ ტრაპაიძე. მისი თაობის ბევრი ქართველი ქალის მსგავსად, თამარიც არალეგალი იმიგრანტი იყო, რომელიც ერთ-ერთ იტალიურ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. სავარაუდოდ, დეპორტაციის შიში გახდა იმის მიზეზი, რომ გარდაცვლილმა სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო.

მიუხედავად ყველა თანმხლები რისკისა, არალეგალური ემიგრაცია არის ძალიან ბევრი ქართველი ოჯახის გადარჩენის უმთავრესი საშუალება. 2002 წლიდან, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდად ითვლება, ქვეყანამ დაკარგა მოსახლეობის 14.7 პროცენტი, ძირითადად ემიგრაციის გამო. საზღვარგარეთ მყოფი ქართველების ფულადი გზავნილები მშპ-ის 9 პროცენტს შეადგენს (2002 წელს ეს რიცხვი 2 პროცენტი იყო). მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ არის გზავნილების ყველაზე დიდი წყარო, ევროკავშირის ქვეყნების წილი დროთა განმავლობაში იზრდებოდა და 2014 წელს 30 პროცენტს მიაღწია (ძირითადად, საბერძნეთისა და იტალიის ხარჯზე).

ეს ფაქტები კარგად ვიცით. თუმცა, რაც კარგად არ გვესმის, არის ის, რომ უვიზო მიმოსვლა და ევროკავშირის შრომის ბაზარზე წვდომა იქნებოდა დაუყოვნებელი და ხელშესახები, ერთ-ერთი (შესაძლოა, ერთადერთიც კი) უმნიშვნელოვანესი ჯილდო  რიგითი ქართველისათვის, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ორიენტაციის სანაცვლოდ.

 

ევროკავშირის შრომის ბაზარზე წვდომა იქნებოდა დაუყოვნებელი და ხელშესახები, ერთ-ერთი (შესაძლოა, ერთადერთიც კი) უმნიშვნელოვანესი ჯილდო რიგითი ქართველისათვის, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ორიენტაციის სანაცვლოდ.

თუ როგორი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შრომითი რესურსების მობილობას ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებისათვის (და აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის), კარგად ჩანს სლოვაკეთის, პოლონეთისა და უნგრეთის პოლიტიკოსთა ბრაზიანი განცხადებებიდან, რომლებიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის ინიციატივას მოჰყვა. მისი თქმით, ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობის პირობების გადახედვისას, ქვეყანას მკაცრი პოზიცია ექნება  მიგრაციასთან დაკავშირებით. Financial Times-ის სტატია იტყობინებოდა: „აღმოსავლეთ ევროპა აფრთხილებს დიდ ბრიტანეთს, არ შეეხოს მიგრანტთა უფლებების საკითხს“.

ევროკავშირის შრომის ბაზარზე წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის ნაკლებად ინდუსტრიული რეგიონის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ბულგარეთი და რუმინეთი. ერთ-ერთი შეფასების თანახმად, მწირი სამუშაო შესაძლებლობების გამო “სამმა მილიონმა ბულგარელმა დატოვა ქვეყანა ბოლო 23 წლის განმავლობაში და საცხოვრებლად საზღვარგარეთ დარჩა. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დემოგრაფიული ცვლილება იყო ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც ამჟამად ოდნავ აღემატება შვიდ მილიონს“.

ევროპაში უვიზო მიმოსვლის დაპირება (რაც გულისხმობს გაუმჯებესებულ წვდომას ევროკავშირის სარფიან სამუშაოებზე, იქნება ეს ლეგალური თუ არალეგალური) კიდევ უფრო დიდი ცდუნებაა კიდევ უფრო აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფოებისთვის – საქართველოსთვის, უკრაინისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა, ძირითადად აგრარული, ქვეყნებისთვის.

ვინაიდან ქართული ეკონომიკა ბევრი პრობლემის წინაშე დგას, ქართველი პოლიტიკოსები არ ერიდებიან სავიზო ლიბერალიზაციის მნიშვნელობის ხაზგასმას ქვეყნის მომავლისთვის (და, შესაბამისად, საკუთარი პოლიტიკური გადარჩენისთვისაც). აღსანიშნავია ქართული პოლიტიკის მთავარი ფიგურების იშვიათი ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ერთხმად მიმართეს ევროკავშირს წერილით, რომელშიც ნათქვამია: „ტექნიკური მოთხოვნების შესრულების შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ რიგის სამიტის დეკლარაცია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დამყარებას მკაფიოდ დაუჭერს მხარს“. „ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისათვის გადამწყვეტ ნაბიჯს წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია“, – აცხადებენ ისინი, – „იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ვაჩვენოთ, რომ ყოვლისმომცველ რეფორმათა შესრულებას ხელშესახებ შედეგებამდე მივყავართ“.

იმისთვის, რომ სრულად შევაფასოთ სავიზო ლიბერალიზაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის, უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული სხვა პოტენციური სარგებელი – სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიები, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, წვდომა ევროკავშირის ბაზარზე – უახლოეს მომავალში ვერ მატერიალიზდება. საკითხავია ისიც, ოდესმე თუ მოხდება ეს.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (The Deep and Comprehensive Free Trade Agreement (DCFTA), რომელსაც ხელი ევროკავშირმა და საქართველომ გასული წლის ივნისში მოაწერეს, არის ამის კარგი მაგალითი:

  • საქართველოს მსგავსი სრულიად დაურეგულირებელი ეკონომიკისთვის იმ საკანონმდებლო კოშმარის გავლა, რაც ევროკავშირის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სისტემასთან ჰარმონიზაციის პროცესს ახლავს თან, არის ნაბიჯი უკან და არა წინ, ბიზნესისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის თვალსაზრისით (და, საბოლოოდ, სამუშაო ადგილებისთვისაც).
  • გაურკვეველია, შეუძლია თუ არა საქართველოს (ან შეძლებს თუ არა ოდესმე) ისეთი რამე გაიტანოს ექსპორტზე ევროკავშირში (DCFTA-ის ფარგლებში), რისი ექსპორტიც უკვე არ ხდება (GSP+ რეჟიმის ფარგლებში). ამავდროულად, ახალი რეგულაციების  (რომელთაც საქართველოს პარლამენტი ხშირად დაუფიქრებლად და გაუაზრებლად აწესებს) ტვირთი, როგორიცაა, მაგალითად, სატელევიზიო რეკლამის, მიგრაციისა და შრომის კანონმდებლობა (მხოლოდ რამდენიმე რომ ვახსენოთ), უკვე ვნებს ქართულ ეკონომიკას.
  • რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებული მთავრობის პოტენციალის ნაკლებობა, რომ შემუშავდეს ევროკავშირის სტილის რეგულაციები ქართული კონტექსტის გათვალისწინებით – შედარებით მარტივი დავალება – უნდა იყოს გამომაფხიზლებელი ყველასთვის, ვინც ფიქრობს, რომ მათი პრაქტიკული განხორციელება არაკომპეტენტური და ძვირადღირებული სამთავრობო ბიუროკრატიით სარგებელს მოუტანს ქართულ ბიზნესსა და საზოგადოებას. თუ რამე, ეს რეგულაციები, დიდი ალბათობით, შექმნის წითელ ზონას, გაზრდის პროცედურულ ხარჯებს (და სამომხმარებლო ფასებს), გაზრდის კორუფციის რისკებს და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას.

ამას მივყავართ იმ მოსაზრებამდე, რაც ადრე გამოვთქვით. თუ ევროკავშირს სერიოზულად სურს საქართველოს, უკრაინისა და, შესაძლოა, აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა ქვეყნების მიღება ევროპული ერების ოჯახში, მან უნდა გადახედოს მის პოზიციას სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით და ასე უნდა მოიქცეს დაუყოვნებლივ.

თუმცა, როგორც ჩანს, ევროკავშირს დიდად არ ეჩქარება.


დროა დავიწყოთ კამათი, თუ „ვინ დაკარგა საქართველო?“

8 მაისს, ევროკომისიამ გამოსცა მესამე ანგარიში  სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით. მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, სასწრაფოდ „შეესრულებინა“ შრომისა და მიგრაციის კანონმდებლობის ყველა პუნქტი, საქართველომ ვერ შეძლო სამოქმედო გეგმის მოთხოვნათა დაკმაყოფილება. საქართველოს მოქალაქეებს, სულ მცირე, კიდევ ერთი წელი მოუწევთ ლოდინი, რომ უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში.

21 მაისს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის წინ ანგელა მერკერის გამოსვლა იყო მოლოდინების მართვის პირდაპირი მცდელობა: „უვიზო მიმოსვლის წესები საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება,“ – განაცხადა მან, – „აღმოსავლეთის პარტნიორობა არ არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის საშუალება“. მან, ასევე, დაამატა, რომ ევროკავშირმა ამ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა გაუჩინოს მცდარი მოლოდინები მის აღმოსავლეთ პარტნიორებს.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით მცირე უფლება აქვს, იყოს იმედგაცრუებული“. მიუხედავად იმისა, რომ მერკელის განცხადება შეესაბამება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“საწყის მიზანსა და მანდატს, მას საქართველოში (და უკრაინაში) კარგად არ მიიღებენ. სწორია თუ არა, მოლოდინს თან ახლავს იმედგაცრუებაც. და დიდი მოლოდინები, როგორც საქართველოს შემთხვევაში იყო, გარდაუვლად მოიტანს დიდ იმედგაცრუებას ევროკავშირისა და საქართველოს ზოგადი მიმართულებით.

CRRC-ის ქართული ბარომეტრის თანახმად, ქართველი ხალხის ნდობა ევროკავშირის მიმართ 2008 წლის შემდეგ იკლებს (54%-დან 2013 წელს 33%-მდე დაეცა). პარალელურად, NDI-ის უახლესი გამოკითხვის თანახმად (რომელიც 11 მაისს ჩატარდა), „მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა რჩება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე, რუსეთის მიერ მართული ევრაზიის კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა, როგორც ჩანს, იზრდება. მოსახლეობის 31 პროცენტი თანახმაა, საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს. რაც მნიშვნელოვანია, NDI-ის უკანასკნელი სამი კვლევა მიუთითებს აღმავალ ტენდენციას ამ კონკურენტული გეოპოლიტიკური პროექტის სასარგებლოდ: თუ ეს მაჩვენებელი 2013 წლის ნოემბერში 11% იყო, 2014 წლის აგვისტოში 20%-ს, ხოლო 2015 წლის მაისში 31%-ს მიაღწია.


ვინ იხეირებს?

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კარლ ბილდტის სიტყვები რომ გავიმეოროთ, სანამ ევროკავშირი საქართველოს ისეთ რამეს სთავაზობს, რაც მას წესიერად არ ესმის, პუტინის შემოთავაზებებზე უარის თქმა  სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

როგორც სერგი კაპანაძის ერთ-ერთ სტატიაშია განხილული, 2012 წლის ბოლოდან რუსეთის „რბილი ძალა“ აღმავლობის გზაზეა. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებმა განაპირობა პროგრესი ბევრი მიმართულებით. რუსეთმა გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მიცემის პროცესი, რუსეთის შრომის ბაზარი კვლავ გაიხსნა ქართული შრომითი მიგრაციის ახალი ტალღისთვის. 2014 წელს ქართულ იმპორტზე დაწესებული სანქციების მოხსნამ განაპირობა ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის განახლება რუსულ ბაზარზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ყურძნის ფასიც (ქართველი ფერმერების უდიდესი სიკეთე). 2013 და 2014 წლებში ტურიზმი რუსეთიდან ძალიან სწრაფად გაიზარდა თბილისსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებს შორის რეგულარული ფრენების დამსახურებით. რუსული ინვესტიციები, პარტნიორობა ენერგო-სექტორში და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები მიუთითებს რუსეთის, როგორც ეკონომიკური პარტნიორის, მზარდ როლსა და მიმზიდველობაზე.

* * *

b2ap3_thumbnail_Europe-wants-Georgia.jpg

ევროკავშირის მარცხი, დაეკმაყოფილებინა უკრაინისა და საქართველოს დაუყოვნებელი სურვილი უვიზო მიმოსვლისა და, საბოლოოდ, ევროკავშირის შრომის ბაზარზე წვდომის შესახებ, უნდა გავიგოთ ევროკავშირის მიგრაციის კრიზისის უფრო ფართო კონტექსტში, რომლის შედეგებსაც განიხილავს კენეთ როგოფი თავის სტატიაში „უთანასწორობა, იმიგრაცია და ფარისევლობა“.

„ადამიანთა უფრო თავისუფალი მიმოსვლა ვაჭრობაზე უფრო სწრაფად გაათანაბრებდა შესაძლებლობებს, მაგრამ წინააღმდეგობა ძლიერია. იმიგრაციის მოწინააღმდეგე პოლიტიკურმა პარტიებმა ხელჰყვეს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. ისინი წარმოადგენენ ძირითად ძალას ძალიან ბევრ ქვეყანაში...  

მდიდარი ქვეყნების უმეტესობის იმიგრაციის შესაძლებლობები და ტოლერანტობა უკვე შეზღუდულია, ამიტომ რთული წარმოსადგენია, როგორ მიიღწევა მსოფლიო მოსახლეობის განაწილების ახალი წონასწორობა მშვიდობიანი გზით. შესაძლებელია, გულისწყრომა განვითარებული ეკონომიკებისადმი, რომლებზეც მოდის გლობალური დაბინძურებისა და სასაქონლო მოხმარების არაპროპორციულად მაღალი წილი, მძვინვარებაში გადაიზარდოს“.

Rate this blog entry:
0 Comments

Related Posts

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
კვირა, 15 სექტემბერი 2019

Captcha Image

Our Partners