ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

უკრაინის კრიზისი და საქართველოს ეკონომიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე რუსეთისგან გრძელვადიანი ეკონომიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. უკრაინელების დიდი ნაწილისათვის აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო წმინდა ეკონომიკური ნაბიჯი. მათ გაუჩნდათ შიში, რომ ეს იყო დასავლურ კულტურულ და პოლიტიკურ ღირებულებებზე უარის თქმა და შესაბამისად, მოვლენების ასეთი განვითარებით, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილონი დარჩნენ.

რუსული პოლიტიკური სისტემა, პრეზიდენტის გადაჭარბებული უფლებამოსილებით, შეზღუდული სამოქალაქო უფლებებითა და მთავრობით, რომელიც საიდუმლო მექანიზმებით აკონტროლებს ეკონომიკის უმთავრეს ნაწილს, ნამდვილად არ წარმოადგენს ახალგაზრდა უკრაინელების ოცნებას. რუსეთს შეუძლია შესთავაზოს ეკონომიკური ჯილდოები, თუმცა ეს არაფერია იმასთან შეადრებით, რასაც ევროპა სთავაზობს უკრაინელ ხალხს, კერძოდ, პოლიტიკურ თავისუფლებას, კარგ მმართველობასა და ეკონომიკურ განვითარებას არამხოლოდ ოლიგარქების ვიწრო ჯგუფის, არამედ მთელი ქვეყნის სასარგებლოდ.

ასე რომ, სულაც არ ყოფილა გასაკვირი, როდესაც უკრაინელი ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა ქუჩაში გამოხატა იანუკოვიჩისადმი ბრაზი. თითქმის სამთვიანი პროტესტის შემდეგ პრეზიდენტი გაიქცა, დროებითი მთავრობა დაინიშნა და ყირიმის ნახევარკუნძულზე ქაოსმა დაისადგურა.

ყირიმის კონფლიქტს შეუძლია დიდი ხნით გააფუჭოს ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს შორის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ყირიმის ანექსიას განახორციელებს. უფრო მეტიც, ასეთი დაძაბულობა მარტივად შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო შეიარაღებულ დაპირისპირებაში. ამის რეალური საშიშროება არსებობს, ვინაიდან ამერიკის სამხედრო ავიამზიდი ჯორჯ ბუში ოც პატარა ამერიკულ საზღვაო ხომალდთან ერთად ყირიმის ნახევარკუნძულთან საოპერაციო მანძილზეა განლაგებული. ამასთანავე, 12 დამატებითი საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავი პოლონეთშიც განთავსდება. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადგილი არ ექნება პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას რუსულ და ამერიკულ სამხედრო ძალებს შორის, უკრაინა შეიძლება მაინც გახდეს ბრძოლის ველი ცივი ომის ტიპის კონფლიქტებისათვის. ამ კონტექსტში მედია საშუალებებში უკვე გამოჩნდა განცხადებები, რომ უკრაინის ახალი მთავრობა ამერიკას სამხედრო დახმარებას სთხოვს და მაშინ, როდესაც ობამას ადმინისტრაცია ჯერ კიდევ თავს იკავებს ასეთი ნაბიჯის გადადგმისაგან, უკრაინის თხოვნას მხარს უჭერენ სამხედრო ჩარევის მომხრე კონგრესმენები (ე.წ. „ქორები“), რომლებმაც შეიძლება ერთ დღესაც საწადელს მიაღწიონ. უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც გეოგრაფიულად საქართველოსთან ძალიან ახლოს მდებარეობს და საქართველოს მსგავსად აშკარა ეკონომიკური ინტერესები აქვს შავი ზღვის აკვატორიაში. სწორედ ამიტომ, საქართველოზე აუცილებლად იმოქმედებს ნებისმიერი რამ, რაც კიევსა და სიმფეროპოლში მოხდება. მაშ, რა მოკლე და გრძელვადიანი შედეგები ექნება უკრაინის კრიზისს საქართველოს ეკონომიკაზე? რა გამოწვევებისა და პერსპექტივების წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი ეკონომიკა?


ხელსაყრელი მომენტი საქართველოსთვის

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული კონკურენტუნარიანობის ანგარიში, რომელიც USAID-ის დაკვეთით 2013 წელს გამოიცა, საქართველოს ეკონომიკის განსაკუთრებულ აქტივებს მიმოიხილავს. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა მისი გეოგრაფიული მდებარეობაა. ეს კი საქართველოს ლოჯისტიკურ ცენტრად გადაქცევის საშუალებას იძლევა.

ამჟამად, ევროპიდან ცენტრალურ აზიის ქვეყნებში (მაგალითად, ჰამბურგიდან ტარაზში ყაზახეთში) საქონლის ტრანსპორტირების 3 ძირითადი მარშრუტი არსებობს. პირველი გადის ბალტიის ზღვის პორტებზე (კლაიპედა ან რიგა), უკრაინასა და რუსეთზე. მეორე არის მხოლოდ სახმელეთო მარშრუტი უკრაინისა და რუსეთის გავლით. ხოლო მესამეს წარმოადგენს ე.წ. კავკასიის სატრანზიტო კორიდორი (Caucasian Transit Corridor (CTC)), რომელიც მოიცავს ფოთის პორტსა და თურქეთს. მარშრუტი აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება საქართველოს, აზერბაიჯანსა და კასპიის ზღვას, უფრო აღმოსავლეთით კი იყოფა ყაზახეთის და თურქმენეთის შტოებად.

ალმაათაში არსებული კომპანიის „Comprehensive Logistics Solutions“-ის მიხედვით, ამ სამიდან ყველაზე სწრაფი და იაფი არის პირველი, ბალტიის ზღვის პორტების გავლით არსებული მარშრუტი. ჰამბურგიდან ტარაზამდე ერთი სტანდარტული კონტეინერის ტრანსპორტირებას სჭირდება დაახლოებით 33 დღე და 6220 ამერიკული დოლარი. მეორე, სახმელეთო მარშრუტი უკრაინისა და რუსეთის გავლით ღირს 7474 დოლარი და ტრანსპორტირებას სჭირდება დაახლოებით 34 დღე. ბოლოს, კავკასიის სატრანზიტო კორიდორით საქონლის ჰამბურგიდან ტარაზამდე ტრანსპორტირებას ამჟამინდელი მდგომარეობით სჭირდება დაახლოებით 40 დღე და 6896 ამერიკული დოლარი.

სხვა ეკონომიკური აქტივობებისაგან განსხვავებით, სატრანსპორტო მარშრუტისათვის კონკურენცია უფრო მეტად ნულოვან-ჯამოვანი თამაშია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვებულს რჩება ყველაფერი, დამარცხებულს კი — არაფერი, მიუხედავად გაწეული ხარჯებისა და ინვესტიციისა. თუკი საქონლის ტრანსპორტირება უკრაინისა და რუსეთის გავლით შეიზღუდება ჩაკეტილი საზღვრებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, ეს მთლიანი სატრანსპორტო ნაკადის მოცულობას არ შეამცირებს. ამ შემთხვევაში, სატრანსპორტო სასაქონლო ნაკადები ჩრდილოეთის მარშრუტის ნაცვლად კავკასიის სატრანზიტო კორიდორის გავლით დაიწყებენ მოძრაობას. სიტუაციის მსგავსი განვითარება შეინიშნებოდა მაშინაც, როცა ირანის მიმართ ემბარგო გამკაცრდა და საქონლის გადაზიდვა ირანის პორტების გავლით ძალზედ რთული გახდა სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. შედეგად, აზერბაიჯანი, რომელიც ტრადიციულად საქონლის იმპორტს ახორციელებდა ირანის პორტების გავლით და ექსპორტს ფოთის პორტის გავლით, ახლა ორივე მიზნისათვის ფოთს იყენებს.

აზერბაიჯანი ამჟამად 775 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირებას ახორციელებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართულ მონაკვეთში, რაც ნათლად გამოხატავს მათ სერიოზულ ინტრესესს კავკასიური სატრანზიტო კორიდორის ხარისხის ამაღლებაში და ფუნქციონირების გაუმჯობესებაში. იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი ასეთი დონის ინვესტიციას ახორციელებს, საქართველოც აქტიურად უნდა ჩერთოს. როდესაც საკმარისი ინვესტიცია განხორციელდება კავკასიის სატრანზიტო კორიდორი შეიძლება კონკურენტუნარიანი დარჩეს კრიზისის შემდეგაც კი. ფაქტია, რომ ეს არის კონკურენტუნარიანი მარშრურტი და მას უბრალოდ სჭირდება გაუმჯობესება და განახლება.

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა არის საუკეთესო შესაძლებლობა კავკასიის სატრანზიტო კორიდორში შემავალი ქვეყნებისათვის მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა ჩრდილოეთის სატრანზიტო მარშრუტებთან შედარებით. კავკასიის სატრანზიტო კორიდორი შეიძლება გახდეს უფრო სწრაფი და იაფი თუ: ა) ფოთში აშენდება უფრო ღრმა პორტი, აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და საწყობებით, ბ) გაუმჯობესდება გზები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და გ) გაიოლდება კასპიის ზღვაზე ტვირთის გადატანა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის დახმარება ბაქოში პორტის მენეჯმენტის გააუმჯობესებასა (უფრო კონკრეტულად, კორუფციის შემცირებაში) და მონოპოლისტი აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სახელმწიფო საზღვაო გადაზიდვების კომპანიის რეფორმირებაში.


მხოლოდ მზე და ვარდები?

სამწუხაროდ, უკრაინის კრიზისი მხოლოდ პერსპექტივა კი არა, გამოწვევაცაა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კრიზისი უმალვე აისახება საქართველოს, უკრაინასა და რუსეთს შორის სავაჭრო და კაპიტალის მიმოქცევაზე.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წინასწარი შეფასებით (2014 წლის თებერვლის ანგარიში), 2013 წლის მშპ-ს ზრდა 2.3% იყო, საქართველო სტატისტიკის სამსახურის მიხედვით კი ეს მაჩვენებელი 3.1%-ს უტოლდება. 2013 წლის წარუმატებელი ეკონომიკური აქტივობის შემდეგ ეკონომისტების უმრავლესობას სჯერა, რომ 2014 წელს საქართველო კვლავ დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის სწრაფ ტემპს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2014 წლის რეალური მშპ-ს ზრდის 6%-იან ნიშნულს წინასწარმეტყველებს მაშინ, როცა საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ მაჩვენებელი 5% იქნება. თუმცა, უკრაინის კრიზის ესკალაციასთან ერთად, ამ იმედის მომცემი რიცხვების რეალისტურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც საქართველოს უკრაინის კრიზისის ესკალაცია მოუტანს არის იმპორტის შეფერხება 2013 წლის მესამე და მეოთხე უდიდესი იმპორტიორებისაგან (უკრაინა და რუსეთი). საქსტატის მონაცემებით, უკრაინიდან და რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის უდიდეს ნაწილს შეადგენს სამომხმარებლო საქონელი. დაახლოებით 30% არის საკვები პროდუქტები, ხოლო 10 ყველაზე მსხვილი საქონელი იმპორტირებული ღირებულების (გამოსახული მონეტარულ ერთეულებში) მიხედვით არის სიგარეტი, მზესუმზირის ზეთი, შოკოლადი, პური, ნამცხვრები, ხორცი და სხვა ფრინველის ნაწარმი, ფრინველი და შაქარი.

მოდით, გავაანალიზოთ იმპორტის შეფერხების შესაძლო ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების მიწოდება ქართულ ბაზარზე შემცირდება წარმოებისა და ლოჯისტიკის შეფერხების დაზიანებული ინფრასტრუქტურის, დანგრეული გზებისა თუ სხვა მიზეზების გამო, ეს საქართველოს დიდ ზიანს მაინც ვერ მიაყენებს. პირველი მიზეზი ამისა არის ის, რომ უკრაინიდან და რუსეთიდან არ ხდება დახვეწილი კაპიტალური საქონლის იმპორტირება, რომელიც საინვესტიციო პროექტებისთვის გამოიყენება. მეორე, ამ ქვეყნებიდან საქართველოს ბაზარზე შემოდის სტანდარტული პროდუქტები, რომელთა მიწოდებაც მარტივად შეიძლება განხორციელდეს სხვა ქვეყნებიდანაც. სწორედ ამიტომ, იმპორტის შემცირება ფასებს დიდად არ გაზრდის. მითუმეტეს, რომ ბევრი იმპორტირებული სამომხმარებლო საქონელი (მაგალითად, უკრაინული ფორთოხლის წვენი), რიგითი ქართველი მომხმარებლისთვის ფუფუნების საგნად ითვლება.

უკრაინის კრიზისის შესაძლო ეფექტი ექსპორტზე უფრო შემაშფოთებელია. 2013 წელს ქართული ექსპორტის 14% რუსეთსა და უკრაინაში გადიოდა. ამავე ქვეყნებში გაიყიდა საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 68%. ორივე ქვეყანაში, ქართულ ღვინოს მოიხმარენ საშუალო და მაღალშემოსავლიანი ოჯახები. სწორედ ამიტომ, დიდია ალბათობა, რომ კრიზისის პირობებში, განსაკუთრებით უკრაინაში, ღვინის მოხმარება მკვეთრად შემცირდება. ეს შეიძლება გამოიწვიოს ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის შემცირებამ ან უკრაინული გრივნის მოსალოდნელმა გაუფასურებამ ქართული ლარის მიმართ.

კიდევ ერთი სექტორი, რომელზეც შეიძლება უკრაინის კრიზისმა უარყოფითი გავლენა იქონიოს, მანქანების რეექსპორტია. თუმცა საეჭვოა, რამდენად სასარგებლოა მანქანების რეექსპორტი ჯანსაღი ეკონომიკური ზრდისთვის, ეს უკანასკნელი შეადგენს მთლიანი ქართული ექსპორტის 25%-ს. ამ 25%-დან დაახლოებით 7% მოდის რუსეთსა და უკრაინაზე. დიდი რაოდენობით მანქანების იმპორტი საქართველოში ხორციელდება ევროპის სახმელეთო გზით, უკრაინისა და რუსეთის გავლით (ამ ტრასით ხშირად სარგებლობენ კერძო, მცირე იმპორტიორები). იმ შემთხვევეში, თუ მოხდება კრიზისის გამწვავება და უკრაინისა და რუსეთის საზღვრის გადაკვეთა პრობლემა გახდება, ეს დიდ ტვირთად დააწვება დაბალი კვალიფიკაციის მქონე ქართულ ოჯახებს, ვინაიდან სწორედ ისინი არიან ჩაბმულნი ამ ტიპის ბიზნესებში.

აგრეთვე აღსანიშნავია, საქართველოში უკრაინელი და რუსი ტურისტების მკვეთრად მზარდი წილიც. შესაბამისად, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება რუსეთსა და უკრაინაში ჩვენს ამ სექტორზეც უარყოფითად აისახება.

ბოლოს, საქართველომ შეიძლება დიდი ზარალი განიცადოს კაპიტალის შემოდინების კუთხითაც. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2013 წელს ჯამში რუსეთიდან შემოსულმა ფულადმა ნაკადებმა შეადგინა 801 მილიონი დოლარი, ხოლო უკრაინიდან კი — 45 მილიონი. ამ ტიპის ფულადი გზავნილების მიმღებები ხშირად არიან მოხუცი პენსიონრები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რუსეთსა და უკრაინაში მომუშავე ოჯახის წევრებიდან მიღებულ ფულად გზავნილებზე. უკრაინის კრიზისმა შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს უკვე იანვარში დაფიქსირებული ფულადი ნაკადების შემცირების ტენდენცია. კერძოდ კი, 2014 წლის იანვარში 2013 წლის იანვართან შედარებით რუსეთიდან შემოსული ფულადი ნაკადები 4%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინიდან კი — 5%-ით.

მაშასადამე, უკრაინის კრიზისი საქართველოს მოკლევადიან რისკებსა და გრძელვადიან პერსპექტივებს უქადის. მაშინ, როდესაც თითქმის არაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ ამ რისკების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ შეგვიძლია აქტიურად ვიმუშავოთ კავკასიის სატრანზიტო კორიდორის გასაუმჯობესებლად და ამ პერსპექტივის გამოსაყენებლად. თუკი ქვეყნები, რომლებიც შედიან კორიდორში, შეამცირებენ ხარჯებს, გაზრდიან გზის დაფარვის სისწრაფეს და მარშრუტი მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული გახდება, კავკასისი სატრანზიტო კორიდორი შეიძლება ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავარი დამაკავშირებელი მარშრუტიგახდეს.

Rate this blog entry:
0 Comments

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
Tuesday, 20 August 2019

Captcha Image

Our Partners