ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

აუცილებელია თუ არა კარგი ეკონომისტები ეკონომიკური წარმატებისთვის?

ეკონომისტებს შორის გავრცელდა ხმა, თითქოს არსებობს ეკონომეტრიკული კვლევა, რომლის თანახმად ძლიერი ეკონომისტებით მდიდარი ქვეყნის ეკონომიკა უარესად ფუნქციონირებს. შეიძლება ეს კვლევა რეალურად არც კი არსებობს, მაგრამ, ერთი შეხედვითაც, კორელაცია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მისი ეკონომისტების ხარისხს შორის ცალსახად დადებითი ნამდვილად არ არის. დიდი ბრიტანეთის, ყველა დროის საუკეთესო ეკონომისტების — ადამ სმიტის, ჯონ მეინარდ კეინსისა და დევიდ რიკარდოს სამშობლოს ეკონომიკური განვითარება თითქმის მთელი XX საუკუნის განმავლობაში ჩამორჩებოდა სხვა ევროპულ ქვეყნებს. მეორეს მხრივ, იაპონიას არასოდეს ჰყოლია მსოფლიოში სახელგანთქმული ეკონომისტები, მაგრამ 20-25 წლის წინ მსოფლიოში ყველა კრთოდა მისი ეკონომიკური ძლევამოსილების წინაშე. ე.ი. ეკონომისტების გარეშე სჯობს? მოდით, ნუ გამოვიტანთ ნაადრევ დასკვნებს.


რას ნიშნავს, იყო ეკონომისტი

როგორც წესი, ეკონომიკური განათლებით შეძენილი უნარებისა და ცოდნის კომბინაცია ამ პროფესიის ადამიანებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად კადრებად აყალიბებს. რაოდენობრივი ანალიზის სიღრმის თვალსაზრისით, ეკონომიკური განათლება, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება მათემატიკურს, თუმცა პრესტიჟული ეკონომიკური პროგრამების კურიკულუმი, როგორც წესი, დიდი დოზით მოიცავს გამოყენებით მათემატიკას. მეტიც, ეკონომიკის ზოგიერთ სფეროში, მაგალითად თამაშთა თეორიაში, მიღებულია შედეგების მათემატიკურად დამტკიცებული თეორემის სახით წარმოდგენა. გარდა ამისა, ეკონომისტები ინტენსიურად სწავლობენ გამოყენებით სტატისტიკას და ეკონომეტრიკას. აღნიშნული საგნების ხარისხიანი სწავლება, როგორც წესი, მოიცავს ისეთ კომპიუტერულ პროგრამებში პრაქტიკულ მუშაობას, როგორიცაა STATA, SPSS ან Eviews. ასე რომ, ეკონომისტებს შეუძლიათ რეალურ მონაცემებთან მუშაობა უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე.

გარდა რაოდენობრივი ანალიზისა, ეკონომისტებს ანალიტიკურ აზროვნებაშიც წვრთნიან. არგუმენტირებული მსჯელობის უნარი კი მათ საშუალებას აძლევს ეკონომიკურ კითხვებზე პასუხები არამხოლოდ ეკონომიკურ თეორიებში, არამედ სხვა ისეთ დისციპლინებშიც ეძიონ, როგორიცაა სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ისტორია, პოლიტიკური მეცნიერებები და ფილოსოფიაც კი.

ეკონომიკური თეორიები, ეკონომიკური მეცნიერების ეს თვალწარმტაცი და გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი სფერო, სოციალური მოვლენების ასახსნელად მოდელებს, ძირითადად კი მათემატიკურ მოდელებს იყენებს. ეკონომისტების მიერ სრულყოფილი ეს მეთოდოლოგიური მიდგომა სხვა დისციპლინებშიც გავრცელდა. დღესდღეობით არსებობს პოლიტიკის, კრიმინალის, ქორწინების, ოჯახში ძალადობის, გენდერული თანასწორობის და რელიგიის „ეკონომიკური თეორიაც“ კი. ეს თეორიები იყენებენ ეკონომიკურ მეთოდებს არაეკონომიკური მოვლენების ასახსნელად. თეორიულ ბიოლოგიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებშიც კი არსებობს ვრცელი ლიტერატურა, რომელიც ეკონომიკის პირმშოს, თამაშთა თეორიას ემყარება.

თუმცა ეკონომიკური თეორიის მიზანი ხშირად არასწორადაა გაგებული. მოდელები ხშირად აშკარად არარეალისტურად გამარტივებულ დაშვებებს ემყარება და შედეგად რეალობის ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს უგულებელყოფს. სტუდენტები, რომლებიც ეკონომიკის სწავლას  უკეთესი პროგნოზირების ან სულ ცოტა რეალობის რეალისტურად აღწერის მიზნით იწყებენ, ხშირად გაუცხოვებას გრძნობენ მოდელების მიმართ. ეს გაურკვევლობა ზოგჯერ პირველკურსელებს ეკონომიკის ნაცვლად სხვა მიმართულების არჩევისკენაც კი უბიძგებს. ეს სამწუხარო გაუგებრობაა, რადგან ეკონომიკური მეცნიერება არც ზუსტი პროგნოზირების და არც რეალობის ზუსტად აღწერის მიზანს არ ემასახურება. სამაგიეროდ, ეკონომიკური მოდელები გვეხმარება ჯანსაღი არგუმენტების მოყვანაში, გარკვეული პოზიციის მხარდასაჭერად ან უარსაყოფად. ყველა გამოცდილმა ეკონომისტმა იცის, რომ ბევრად უფრო ადვილია განავითარო გონივრული და თანმიმდევრული არგუმენტი, თუკი ეს უკანასკნელი თეორიულ მოდელს ემყარება.

ეკონომიკურმა თეორიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უამრავი ადამიანის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. ბევრი პოლიტიკოსი ისე იყენებს ეკონომიკურ არგუმენტებს, რომ თეორიის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. მაკროეკონომიკის შესახებ საუბარი ხშირად ჯონ მეინარდ კეინსის მოსაზრებებს ეყრდნობა, საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ — დევიდ რიკარდოს იდეებს, ბაზრების სასარგებლო როლის შესახებ — ადამ სმიტის ლოგიკას, საბაზრო ეკონომიკის კრიტიკისას კი —კარლ მარქსის არგუმენტებს. კეინსის ცნობილი სიტყვების თანახმად, „ეკონომისტების და პოლიტიკოსების ფილოსოფია, როდესაც მართებულია და მაშინაც როდესაც მცდარია, ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე საყოველთაოდაა მიჩნეული. მართლაც, მსოფლიო ოდნავ სხვა რამით იმართება. თუმცა პრაქტიკული ადამიანები, რომლებიც ამ მსოფლიოს განაგებენ და საკუთარ თავს ყოველგვარი ინტელექტუალური გავლენისგან თავისუფლად მიიჩნევენ, ხშირად რომელიმე განსვენებული ეკონომისტის მონები არიან.“


სად მუშაობენ ეკონომისტები

პროფესიის ბუნებიდან გამომდინარე, ეკონომისტები დასაქმებულნი არიან ბევრგან, მრავალი სხვადასხვა დანიშნულებით — დაწყებული მათემატიკური მოდელების გამოყენებით სტატისტიკური ანალიზის ჩატარებიდან, საქართველოს ღვინის ინდუსტრიის შესახებ ისტორიის დაწერამდე. საჯარო სექტორში ამგვარი უნარებით აღჭურვილ ადამიანებს ეძებენ ცენტრალური ბანკები, მარეგულირებლები და სამინისტროები. კერძო სექტორში ეკონომისტები საქმდებიან ისეთ განყოფილებებში, სადაც რაოდენობრივი ანალიზი და პოლიტიკური ლობირებაა საჭირო. პოლიტიკური პარტიები და ინტერესთა ჯგუფები ქირაობენ ეკონომისტებს მათი პოზიციებისთვის ეკონომიკური გამართლების საძიებლად.

შრომის ეკონომიკის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში დამსაქმებლებს საერთოდ არ აინტერესებთ, რა ისწავლეს კურსდამთავრებულებმა უნივერსიტეტებში. ამ თეორიის მიხედვით, უნივერსიტეტის ხარისხის მოპოვების ძირითადი მიზანია შრომის ბაზარზე სიგნალის გაგზავნა, რომ კურსდამთავრებული ჭკვიანი და შრომისმოყვარეა. მართლაც, მას, ვისაც შეუძლია მაგისტრის ხარისხის მოპოვება ეკონომიკაში (ან სხვა ასევე რთულ მიმართულებაში) აქვს ძალიან მნიშვნელოვანი უნარები, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება. ასეთ ადამიანს შეუძლია იშრომოს თავდაუზოგავად და დამოუკიდებლად, არის გამძლე და შეუძლია გაუმკლავდეს რთულ და მძიმე სამუშაოს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ  კომპანიებს შეიძლება არ აინტერესებდეთ მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის ღრმა ცოდნა, მათ მაინც შეიძლება დაიქირაონ ეკონომისტები მათი ზოგადი უნარების გამო.

ის, ვინც მოახერხებს წარჩინებით სწავლას ისეთ ადგილებში, როგორიცაა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), შრომის ბაზარზე აგზავნის ძლიერ სიგნალს. პირველ წელს სტუდენტები სწავლობენ ძირითად საგნებს: მიკროეკონომიკას, მაკროეკონომიკას, მათემატიკას, სტატისტიკა/ეკონომეტრიკას და აკადემიურ წერას ინგლისურად. ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტები ესწრებიან ლექციებს, რომლებიც მიმდინარეობს ყოველდღე დილიდან საღამომდე და შემდეგ მუშაობენ ბიბლიოთეკაში, ხშირად გვიან ღამემდეც. ინტენსიური სწავლის შვიდი კვირის შემდეგ (ერთი „მინი-სემესტრი“) არის მერვე საგამოცდო კვირა. ვინც მთელი მინი-სემეტრის განმავლობაში ინტენსიურად არ მეცადინეობდა, გამოცდების ჩაბარების რეალური შანსი არ გააჩნია. ასე გრძელდება მთელი წელი. ის, ვისაც ამ გზის გავლა შეუძლია, ძალიან შრომისმოყვარე და გონიერია. რადგან ამ თვისებებს ყველა ვერ ავლენს, სტუდენტების დაახლოებით ნახევარი მალევე ტოვებს პროგრამას. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ მისაღები გამოცდები ძალიან კონკურენტულია. აპლიკანტების მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება ISET-ში და თამამად შეიძლება ითქვას, მათი უმრავლესობა თაობის საუკეთესო ნაწილის წარმომადგენელია. მეორე წელს წნეხი მცირდება, კურსები ნაკლებად ინტენსიურია და სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი ინტერესებისამებრ შეარჩიონ გასავლელი საგნების პორტფელიც. თუმცა ამავდროულად მათ უნდა დაწერონ ძალიან სერიოზული სამაგისტრო ნაშრომიც.

სკოლა 2006 წელს დაარსდა და ამჟამად 200-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორის მხოლოდ 2 არის უმუშევარი. გრაფიკი გვიჩვენებს ISET-ის კურსდამთავრებულების დასაქმებას საქართველოში.  კურსდამთავრებულების უდიდესი ნაწილი საჯარო სექტორში, კერძოდ კი, სამინისტროებსა და ეროვნულ ბანკში მიდის სამუშაოდ. ბევრი მათგანი დღესდღეობით უკვე წამყვან პოზიციებზე დეპარტამენტების ხელძღვანელებად, წამყვან ანალიტიკოსებად და ა.შ. მუშაობენ.

რაოდენობრივად მეორე ყველაზე დიდი კატეგორიაა ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც გადაწყვიტეს სწავლის გაგრძელება სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებზე საზღვარგარეთ. ISET-ის კურსდამთავრებულები სწავლობენ მსოფლიოს საუკეთესო ამერიკულ სადოქტორო პროგრამებზე: სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ-იორკის, ჯორჯთაუნისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებში; ევროპულ სადოქტორო პროგრამებზე: ვარვიკის, ლესტერის, ტულუზის, პრაღის (CERGE-EI), ბილეფელდის და ჰალეს უნივერსიტეტებში. ეკონომიკის სასწავლო პროგრამებზე უფრო ადვილია საზღვარგარეთ სწავლა, ვიდრე სხვა სოციალურ მეცნიერებებში, რადგან ძირითადი შინაარსი და აზრი ყველგან ერთი და იგივეა მთელს მსოფლიოში (შესაძლო გამონაკლისების, კუბის და ჩრდილოეთ კორეის გარდა). არ აქვს მნიშვნელობა, სად ისწავლი მიკროენომიკას, ბერლინში, იერუსალიმში თუ ISET-ში, რადგან ყველგან ისწავლება ერთი და იგივე მასალებით.

ISET-ის კურსდამთავრებულების 21% კერძო სექტორშია დასაქმებული. ეს მონაცემი იმდენად არაფერს გვეუბნება კერძო სექტორის განვითარების შესახებ, რამდენადაც ეკონომიკის კურსდამთავრებულების პრიორიტეტების შესახებ. მას, ვისაც კერძო სექტორში მუშაობა სურს, როგორც წესი, ეკონომიკის ნაცვლად მის მონათესავე ბიზნესის ადმინისტრირების პროფესიას ირჩევს. ეკონომიკის სწავლის მოტივაცია კი ხშირად ეფუძნება საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვას. ამ შემთხვევაში საჯარო სექტორი ბუნებრივი დამსაქმებელია. სამომავლოდ, მოსალოდნელია, რომ კერძო სექტორში დასაქმებული ეკონომისტების რაოდენობა გაიზრდება, რადგან განვითარება მისცემს კომპანიებს იმის საშუალებას, რომ კვალიფიციურ კადრებს მეტი გადაუხადონ. ამან შეიძლება გააბათილოს იმ კეთილშობილური განზრახვისკენ სწრაფვა, რის გამოც სტუდენტმა ეკონომიკის სწავლა დაიწყო.

ჩვენი კურსამთავრებულების 14% არასამთავრობო ორგანიზაციებში მოღვაწეობს. ამ ორგანიზაციებს, როგორც წესი, მართავენ და აფუძნებენ უცხოელები. ISET-ელი ეკონომისტი ანალიტიკური უნარების გარდა თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას, რაც მას არასამთავრობო ორგანიზაციებშიც უპირატესობას ანიჭებს.


სჭირდება თუ არა საქართველოს ეკონომისტები?

საზოგადოებაში ეკონომისტების პრაქტიკული წვლილი არ შემოიფარგლება კეინსისა და სმიტის მსგავსი გამორჩეულად ბრწყინვალე ეკონომისტების იდეებით. მხოლოდ ეკონომისტების ძალიან მცირე ნაწილი მუშაობს ისეთ ადგილას, რომელიც ექსკლუზიურად ამ პროფესიისთვისაა განკუთვნილი. ეკონომიკური კვალიფიკაცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოყენებადია ფართო კონტექსტში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქვეყანას ეკონომისტების გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა. სულაც არ იქნება გადამეტებული, თუ ვიტყვით, რომ ეკონომიკა არის ის საკვანძო პროფესია, რომელსაც ქვეყნის განვითარებისთვის მრავალგანზომილებიანი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ის იყოს, რომ მისი „ეკონომიკა“ ფაქტიურად იყო მხოლოდ მარქსისტ-ლენინისტური იდეოლოგიის შესწავლა. საბჭოთა კავშირს რომ ეფექტური და მეცნიერულად დამოუკიდებელი ეკონომიკის პროფესიონალები ჰყოლოდა, მისი დანგრევის გამომწვევი გარემოებების პრევენცია შესაძლებელი იქნებოდა (მაგალითად როგორც ჩინეთში).

საქართველოში ეკონომიკა უკიდურესად მყიფეა და ცუდი ეკონომიკური პოლიტიკით ბევრი რამის გაფუჭება შეიძლება. უცხოელ ექსპერტებზე დაყრდნობა არ არის გამოსავალი, რადგან მათ არ აქვთ ქვეყნის მიმართ იმგვარი მოვალეობები, რომელიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება გააჩნდეთ. თუკი საქართველოში მოვლენები არასასურველი მიმართულებით განვითარდება, უცხოელები უბრალოდ ადგებიან და სხვა ქვეყანაში გადაინაცვლებენ. შესაბამისად, ქვეყნის მარცხი მათთვის იმდენად მტკივნეული არ იქნება, რამდენადაც ქართველებისთვის. საბოლოოდ, მხოლოდ მოქალაქეები ზრუნავენ რეალურად საქართველოზე. ასე რომ, ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ადგილობრივი ეკონომისტები, ამ დარგში თანამედროვე მსოფლიო დონის განათლებით.

Rate this blog entry:
0 Comments

Comments

 
No comments yet
Already Registered? Login Here
Register
Guest
Tuesday, 15 October 2019

Captcha Image

Our Partners